ZUGDIDI TV

დარჩი ჩვენთან და იყავი ინფორმირებული!

გამოიყენე აწმყო მომავლისთვის – ლუკას ბლოგი

 რთულია მიიღო გადაწყვეტილება, გადადგა ნაბიჯი, შეცვალო მომავალი, რთულია მიატოვო ყველა და ყველაფერი, შეაჩერო რამის მოწონება და გამოიყენო აწმყო იმ პროგრესისთვის, რომელიც მომავალში სადღაც გამოგადგება, სადღაც, რომელიც აქ არ არის.

 დიდი ხნის შემდეგ ისევ დაგიბრუნდით, გადავწყვიტე ამჯერად იმაზე მესაუბრა, რისთვისაც ვნერგავ ცვლილებებს, რისთვისაც ვვითარდები, ვიკრეფ ენერგიას და ვსწავლობ ბევრ რამეს, ალბათ ყველა ახალგაზრდას ჰქონია ბავშვობაში  ოცნება წასულიყო დიდ ქვეყანაში საცხოვრებლად, მაგრამ თანდათანობით ეს ოცნება გაქარწყლებია, რადგანაც შეეგუა იმ სიტუაციას, რომელშიც ცხოვრობს, მე ბავშვობაში მქონდა ოცნება ჩემს ქვეყანაში მეცხოვრა, თუმცა შემდეგ გავიზარდე, გამიჩნდა სურვილი წავსულიყავი სხვაგან, იქ სადაც შრომას, იდეას, ძალას, მონდომებას  და რაც ყველაზე მთავარია ჩემს დროს დააფასებენ, შემდგომში ეს სურვილი მიზანი გახდა, დღეს კი ყოველდღე ვცდილობ ერთი ნაბიჯი გადავდგა წინ, იმისთვის, რომ ჩემი სამშობლო დავტოვო. დამერწმუნეთ ეს ქვეყნის ღალატი არ არის, პირიქით სხვა განვითარებულ ქვეყანაში წასვლა გაძლევს საშუალებას, განავითარო შენი უნარები და შესაძლებლობები და შემდეგ მიღებული ცოდნა დანერგო შენსავე ქვეყანაში, როდესაც ბრიტანეთში მოვხვდი, შოკი არათუ განვითარებულმა კონსტრუქციებმა და ცათამბჯენებმა, არამედ ცხოვრების სტილმა, ადამიანების დამოკიდებულებამ დროისადმი და მუშაობის იმ დაფასებამ გამოიწვია, რაც იქ დამხვდა, სწორედ მაშინ მივხვდი, პროფესიონალიზმს სწორედაც, რომ ხელფასის ოდენობა გამოხატავს და დამერწმუნეთ ვინ რამდენად პროფესიონალია ამის განსაზღვრა განვითარებულ ქვეყნებში ნამდვილად გაგიჭირდებათ, რადგანაც მინიმალური ხელფასი, ჩვენს ქვეყანაში არსებულ მაქსიმალურ ხელფასს ბევრად აღემატება. მიზნის დასახვა, არის ერთადერთი საშუალება, რაიმე სურვილის დასაკმაყოფილებლად, ეს არის შესაძლებლობა გახდე ის ვინც გინდა, შეცვალო მომავალი, გქონდეს უზრუნველყოფილი ცხოვრება და არ მუშაობდე ხელფასისთვის, არამედ მუშაობდე სიამოვნებისთვის, მე მიმაჩნია, რომ ხელფასი შეუმჩნევლად უნდა შემოდიოდეს ადამიანის ცხოვრებაში, რასაც სამწუხაროდ ჩვენთან ვერ ვახერხებთ, რადგანაც აქ ხელფასი არის ერთადერთი საშუალება თავის გადასარჩენად, ხვალინდელი დღის გადასარჩენად.

 ბოლოს კი, ვინც, როგორც არ უნდა გაღიზიანდეს თქვენი მიზნით, რომელიც დაკავშირებულია სხვა ქვეყანაში საცხოვრებლად წასვლასთან, გაიხსენეთ, რომ ეს მიზანი სწორედ იმ ადამიანის და სხვა ბევრი ადამიანის კეთილდღეობისთვის არის განკუთვნილი!

ZUGDIDI TV © ყველა უფლება დაცულია | Newsphere by AF themes.