უახლესი ამბები

“იმ ღამით, თურმე წვიმდა” – ლუკას ბლოგი

იმ ღამით თურმე წვიმდა, ტყვიების წვიმა იყოო ამბობენ… იმ ღამით 200000 ქართველი დევნილი გახდა, იმ ღამით კარზე მოგვიკაკუნეს და გვითხრეს, რომ აქ ყველაფერს სხვა წყვეტ’და, მაშინ ჩემი ოჯახის წევრები ორმოში იმალებოდნენ და ბებიაჩემი შორიდან უყურებდა მისი ქუჩის ნაწილიდან, ერთმანეთთან ძალიან ახლოს ამომავალ სამ შავ ბოლს,  რაც იმას ნიშნავდა, რომ მის ეზოში მდგარი სამივე სახლი იწვოდა, მაშინ დედებმა შვილები დაკარგეს, შვილებმა კი დედები, ადამიანებმა ახლობლები და ქართველებმა აფხაზები!

 ბევრჯერ გამისვამს ხაზი, იმისთვის რომ მე დევნილი ვარ, მაგრამ არასდროს არ მინდოდა მესაუბრა იმაზე, რა არის, რას ნიშნავს დევნილობა. შეიძლება ძალიან კარგად გექცევიან იმ ქალაქში, სოფელში, რეგიონში სადაც შენ ცხოვრობ, მაგრამ გაუცხოვება, უიმედობა და „ზედმეტობის“ შეგრძნება მაინც გაქვს, ღიზიანდები, როდესაც გესმის სხვისგან გაგონილი სიტყვები – „ჩვენ აფხაზეთს ვერასოდეს ვერ დავიბრუნებთ!“, ამ დროს გინდა, რომ უპასუხო, ჩვენ არა შენ ვერ დაიბრუნებ, მე? მე პირველი რასაც ვაპირებ სწორედ ამ კუთხის დაბრუნებაა, თუნდაც აღარ იარსებოს ჩემმა თავმა, თუნდაც მე მოვკვდე, მთავარი ის არის რომ ბოლო ამოსუნთქვა სწორედ ჩემს მშობლიურ მიწაზე იყოს და ბოლოჯერ ჩემი მშობლიური ჰაერი ჩავისუნთქო, არა ეს არც ზედმეტად პატრიოტული აზროვნებაა, არც ვინმესთვის არასწორი წარმოდგენების შექმნაა, არა, ეს არის ის რეალობა, ის სულიერი მდგომარეობა, რასაც ნებისმიერი დევნილი, ნებისმიერი – აფხაზეთელი, გრძნობს, განიცდის და მეტიც შესისხლხორცებული აქვს.

 ბრძოლა უიმედოა, მაგრამ იმ უიმედობაშიც არის, რაღაც იმედის ნატამალი, რატომ უნდა ვთქვათ, რომ ვერ დავიბრუნებთ აფხაზეთს, მაშინ როდესაც ორად გახლეჩილი გერმანია გაერთიანდა, მაშინ როდესაც ბრძოლა არასდროს არ რჩება უშედეგოდ, მაშინ როდესაც აფხაზეთში დარჩა ერთი ადამიანი, მაინც ვისაც უნდა, ვისაც ნამდვილად უნდა ჩვენი გაერთიანება და იბრძვის იმისთვის, რომ მისი ეს მოკრძალებული, მაგრამ მეტად საჭირო იდეა სხვებსაც გაუზიაროს და სხვასაც დააჯეროს.

 27 წელი გავიდა, ამ 27 წლის განმავლობაში, ძალიან ბევრ ადამიანს უფიქრია დაბრუნებაზე, ძალიან ბევრ ადამიანს უნატრია მის სახლში შესვლა და ძალიან ბევრს დასიზმრებია აფხაზეთი, მეტიც ლექსიც კი დაუწერია „გუშინ სიზმარში აფხაზეთი ვნახე, გუშინ სიზმარში ჩემს სახლში ვიყავი თითქოს-ო“, იქნებ სიზმარში მაინც ვნახოთ ჩვენი სახლები, იქნებ სიზმარში მაინც ჩავისუნთქოთ ჩვენი ჰაერი, იქნებ სიზმარში მაინც დავიბრუნოთ ჩვენი მიწა-წყალი, იქნებ ერთხელ მაინც გავიღვიძოთ ამ სიზმრებით შეპყრობილებმა და მართლა ვნახოთ აფხაზეთი, იქნებ ერთხელ მაინც გამოვაფხიზლოთ ჩვენი თავი და დავიყვიროთ, დავიყვიროთ იმდენად ძლიერად, რომ – ჩვენმა ყივილმა შესძრას მთელი სამურზაყანო – იქნებ ოდესმე ჩვენც გადავტოპოთ ენგური ისე, როგორ ცხრა ლამაზმა ცხენოსანმა შოთა ნიშნიანიძის არაჩვეულებრივ „აფხაზურ კანტატაში“.