უახლესი ამბები

მალე საქართველოში ფეისბუქის ყალბი ამბების გადამოწმების პროგრამა გაეშვება

Facebook პარტნიორებთან ერთად საქართველოში ფაქტების გადამოწმების პროგრამას გაუშვებს. დეზინფორმაციასთან ბრძოლის კამპანიის ფარგლებში Facebook ითანამშრომლებს ადგილობრივ ორგანიზაციებთან, Fact Check Georgia-სა და მითების დეტექტორთან.

მოქმედების პრინციპი შემდეგნაირია: თუ მომხმარებელი რომელიმე ფეისბუქპოსტს ან ახალ ამბავს საეჭვოდ მიიჩნევს, აუცილებელია, ამის შესახებ ფეისბუქს აცნობოს და შესაბამისი ველი მონიშნოს.

ფოტო: Gepra

საეჭვოდ მონიშნული კონტენტის სიზუსტეს მითების დეტექტორი და Fact Check განიხილავენ, შეფასებას აძლევენ და შემდეგ ამ ინფორმაციას Facebook-ს აწვდიან. ინფორმაციას, რომელსაც ისინი სიყალბედ შეაფასებენ, Facebook საინფორმაციო ველის (News feed) ქვედა ნაწილში განათავსებს.

კომპანიის განცხადებით, ეს ნიშანდობლივად შეამცირებს ცრუ ინფორმაციის გავრცელებას და, ასევე, შემცირდება იმ მომხმარებელთა რიცხვი, რომელსაც, შესაძლოა, დეზინფორმაცია მიეწოდოს.

დამატებით, მითების დეტექტორისა და Fact Check-ის მიერ ცრუ ინფორმაციად შეფასებულ პოსტებს Facebook თვალსაჩინოდ მონიშნავს. ამით, მომხმარებლებს ექნებათ შესაძლებლობა, გამოარჩიონ, სიმართლეა თუ არა პოსტი, რომელსაც ხედავენ, ან რომლის გაზიარებაც სურთ.

იმ გვერდებსა და ანგარიშებს, რომლებიც პერიოდულად ეცდებიან, გააზიარონ ცრუ ინფორმაცია, ავტომატურად შეეზღუდებათ მონეტიზაციისა და რეკლამის განთავსების შესაძლებლობები.

“გვიხარია, რომ Fact Check Georgia-სა და მითების დეტექტორთან თანამშრომლობის შედეგად, საქართველოში ფაქტების გადამოწმების პროგრამას გავუშვებთ. დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლას ჩვენ საკმაოდ სერიოზულად ვეკიდებით. ამიტომ, მუდმივად ვმუშაობთ და ვცდილობთ, გამოვნახოთ გზები, რომ ხელი შევუშალოთ ჩვენს პლატფორმაზე ცრუ ინფორმაციის გავრცელებას”, — აცხადებს Facebook-ის სტრატეგიული პარტნიორობის განვითარების მენეჯერი, სოფი აიარსი.

აღნიშნული პროგრამა Facebook-ის დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის სტრატეგიის ნაწილია. სტრატეგია ახალი ამბების ავთენტურობის დადგენასა და მათი ხარისხის გაუმჯობესებას ემსახურება. სტრატეგიის მიხედვით, Facebook-ი აუქმებს ანგარიშებს და შლის კონტენტს, რომელიც არღვევს კომპანიის მიერ დაწესებულ სტანდარტებს, ან სარეკლამო პოლიტიკას. შედეგად, მცირდება ცრუ ინფორმაციისა და არაავთენტური კონტენტის გავრცელების შანსი.

“დაარსების დღიდან, ანუ 2013 წლიდან, Fact Check Georgia ცდილობს, ხელი შეუწყოს დეზინფორმაციის გავრცელების შემცირებას და საინფორმაციო სივრცეში სიმართლის გავრცელებას. Facebook-თან პარტნიორობა არის შესანიშნავი შესაძლებლობა, რომ ჩვენი მუშაობა იყოს ბევრად უფრო ეფექტური. ასევე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეს პარტნიორობა საშუალებას გვაძლევს, გვქონდეს წვდომა Facebook-ის ათასობით მომხმარებელზე, რომელიც, შესაძლოა, იყოს დეზინფორმაციის მსხვერპლი. აღსანიშნავია ისიც, რომ ჩვენი პარტნიორობა საქართველოში საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე შედგა. ეს კი დაგვეხმარება, რომ სოციალურ მედიაში დეზინფორმაციის ვირუსული გავრცელება მინიმუმამდე დავიყვანოთ და, შესაბამისად, არჩევნების დემოკრატიულ საფუძვლებსაც საფრთხე ნაკლებად დაემუქრება”, — აცხადებს პაატა გაფრინდაშვილი, Fact Check Georgia-ს დამფუძნებელი.

მითების დეტექტორის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი თამარ კინწურაშვილი აღნიშნავს, რომ ამ პროგრამის ჩაშვება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია წინასაარჩევნოდ.

“მედიის განვითარების ფონდმა (MDF) ფაქტების გადამოწმებისა და მითების გამოვლენის პლატფორმა მითების დეტექტორი 2014 წელს შექმნა. ეს პლატფორმა შეიქმნა სიმართლის დასადგენად და დეზინფორმაციის შესახებ საზოგადოებისა და ინსტიტუტების ინფორმირებისთვის. როდესაც პლურალისტური პლატფორმები და ისეთი დემოკრატიული ინსტიტუტები, როგორიცაა მედია, ბოროტად გამოიყენება, ჩვენი, როგორც ფაქტების გადამოწმების პლატფორმის მოვალეობაა, ამის შესახებ საზოგადოებას შევატყობინოთ. ჩვენ უნდა შევძლოთ და სანდო მედია პლატფორმების მიმართ საზოგადოების ნდობა შევინარჩუნოთ. დემოკრატიულ საზოგადოებას უნდა შეეძლოს, განასხვაოს დეზინფორმაცია სიმართლისგან, რათა გააკეთოს ინფორმირებული არჩევანი. საქართველოში Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის გაფართოება ძალიან მნიშვნელოვანია, მითუმეტეს, საპარლამენტო არჩევნების წინ. ეს პროგრამა საარჩევნო პროცესის დეზინფორმაციისგან დასაცავად დაგვეხმარება”, — აღნიშნავს მითების დეტექტორის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი თამარ კინწურაშვილი.

დღეისათვის, Facebook-ს მსოფლიოს მასშტაბით 70-ზე მეტი პარტნიორი ჰყავს, რომელიც 50 ენაზე ფაქტების გადამოწმებაზე მუშაობს. კომპანია განაგრძობს ინვესტიციების ჩადებას, რათა ცრუ ინფორმაციის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლა კიდევ უფრო მასშტაბური გახადოს.

მითების დეტექტორი, ისევე, როგორც Fact Check Georgia სერტიფიცირებულია ფაქტების გადამოწმების საერთაშორისო ქსელის მიერ.