უახლესი ამბები

“რამე” მისი შემოქმედი და ჰუმანიტარული კრიზისი აფხაზეთში – ლუკას ბლოგი

ხშირად ვფიქრობ, გამოვიდა რამე? გამოვიდა რამე, ამ 30 წლის განმავლობაში, შემდეგ კი ვიღებ პასუხს, კი „რამე“ გამოვიდა, დავკარგეთ ქვეყნის 20%, ორჯერ ვიომეთ, ორივეჯერ რუსეთთან და დღეს ამ ქვეყანას ისევ „ერთმორწმუნე ძმას“ ვეძახით, „რამე“ ნამდვილად გამოსულა, არაგონივრული, უშნო, სამარცხვინო, დამამცირებელი „რამე“,  თავისუფალი, დემოკრატიული ქვეყანა გვქვია, რამდენად ვართ ესეც ცალკე თემაა, თუ დავფიქრდებით, მივხვდებით, რომ რამდენჯერაც ჩაერევა ჩვენი „რამეს“ შემოქმედი, ჩვენს შიგა პოლიტიკაში, რამდენჯერაც გააფათურებს ხელებს, დაგვიქნევს თითს და გვეტყვის „ჰეი, თქვენ, მანდ ჭკვიანად იყავით, თორემ ისევ დაგბომბავთ“ , იმდენჯერ გვაკლდება თავისუფლება და იმდენჯერ ნაკლებად დამოუკიდებლები ვხდებით.

  მოგესალმებით, მე ლუკა ჩანგელია გახლავართ, დევნილი, საკუთარი მიწიდან გამოგდებული, დაბომბილი და დამცირებული, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა დევნილი, ეს კი ჩემი ბლოგია, ბლოგი სადაც ღიად, დაუფარავად, შეულამაზებლად ვისაუბრებ თქვენთან, ფაქტებზე, რომლებმაც შეცვალა ჩვენი ისტორია, ადამიანებზე, რომლებმაც ხელი შეუშალეს ქვეყნის განვითარებას, და რეალობაზე, რომლისგან გაქცევაც ყველაზე მეტად გვინდა! მადლობა, რომ ახლა ამ გვერდზე ხარ და კითხულობ ჩემს ბლოგს, მადლობა, რომ საინტერესოდ ჩათვალე ჩემი აზრი და მადლობა, რომ ან მეთანხმები ან მეწინააღმდეგები, მადლობა რომ ან მაქებ ან მლანძღავ, მადლობა, რომ არსებობ!

 ალბათ უკვე შეამჩნიეთ, რომ დასაწყისში, ბოლო 30 წლის განმავლობაში განვითარებულ უარყოფით მოვლენებზე მქონდა საუბარი, დღეს მინდა გესაუბროთ, იმ ფაქტზე, რაც ამ 30 წლიანი რეალობის ნაწილია და რამაც დღეს უკვე პიკს მიაღწია, 27 წლის წინ, 1992-1993 წლების ომის დროს, მოგეხსენებათ, რომ დავკარგეთ ჩვენთვის საკმაოდ საყვარელი რეგიონი – აფხაზეთი, ის დღეს ოკუპირებულ ტერიტორიად ითვლება და ბუნებრივია მას მმფარველობს, რუსეთის ფედერაცია. 2016 წლამდე, აფხაზეთში მცხოვრები ეთნიკურად აფხაზი და ქართველი მოსახლეობა, თითქმის თავისუფლად ახერხებდა თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლას, თუმცა 2016 წლის შემდეგ ყველაფერი რადიკალურად შეიცვალა, გართულდა, ტერიტორიის „უსაფრთხოება“ რუსმა სამხედროებმა გადაიბარეს და ადმინისტრაციული საზღვრებიც მავთულხლართებით შემოღობეს, ამის მიუხედავად საზოგადოება მაინც ახერხებდა გადმოსვლას და ჰუმანიტარული დახმარების მიღებას, თუმცა 6 თვის წინ, მას შემდეგ რაც მსოფლიო კორონა ვირუსმა დააჩოქა, საზღვრები ჩაიკეტა, ჩაიკეტა ამჯერად არამხოლოდ აფხაზური მხარის მხრიდან, არამედ ფაქტობრივად ქართული მხარის მხრიდანაც, რამეთუ ენგურის ხიდთან დაიდგა კარავი, რომელში მყოფი ადამიანების ვალდებულებაც გადმოსული, მოსახლეობის 12 დღიან კარანტინში გადაყვანაა. ბუნებრივია 12 დღის კარანტინში გატარება, აფხაზეთში მცხოვრები საზოგადოებისთვის, არახელსაყრელია, რადგანაც რაც უფრო მეტ ხანს დააყოვნებენ ჩვენს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, მით უფრო მეტ ხანს დარჩება მათი ოჯახი მშიერი, სწორედ ამიტომ, ახალი ალტერნატივა, ენგურის გადმოცურვა, და როგორც რუსი ასევე ქართველი სამხედროებისთვის თავის არიდებაა.

 ამ დროს ჩნდება, ლეგიტიმური კითხვა – რა მივიღეთ აფხაზეთის ჩაკეტვით? პასუხი კი არასახარბიელოა, რამეთუ რამდენიმე ხნის წინ 4 ქალბატონი დახრჩობას ალალბედზე გადაურჩა, ხოლო 3 დღის, წინ 65 წლის პენსიონერი მდინარე ენგურში დაიხრჩო და იგი გუშინ სოფელ ორსანტიაში მდინარემ გამორიყა.

 დასკვნის გაკეთება ძვირფასო მკითხველო თქვენთვის მომინდია, მე კი აჯობებს ვიფიქრო შემდეგ კითხვაზე, რომელი ჯობს მოგკლას კოვიდ 19-მა თუ შიმშილობამ?!